ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის გადაწყვეტილებით, სააღდგომოდ 50%-იანი დანამატი ჩაერიცხებათ.
შარაშენიძის განმარტებით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისა და მომსახურე პერსონალისთვის კომფორტული პირობების შექმნა მერიის მთავარი პრიორიტეტია.
ბაღის თანამშრომლებისთვის დანამატის გაცემა ჯერ ჯიდევ სარვამარტოდ იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც მაშინ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, ეს ვერ მოხერხდა.
_ როგორც ვიცი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს, რომ მოხდეს ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება. იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება”, _ გვითხრა ღურჯუმელიძემ.
გაუცემელი დანამატის და მწირი ხელფასის გამო “გურია ნიუსთან” საყვედურს გამოთქვამდნენ ბაღის თანამშრომლებიც.
“ბევრ ჩემს კოლეგას ტკივა გული და აქვს სათქმელი, მაგრამ ყველას სამსახურის დაკარგვის ეშინია. დაგვპირდნენ, რომ 8 მარტს დაგვირიგებდნენ დანამატს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ისედაც მწირი ხელფასი გვაქვს და რა იქნებოდა, რომ დანამატი მოეცათ?! თუ ასე უჭირს ადგილობრივ მთავრობას, მაშინ თვითონაც ნუ ირიგებენ ამ დანამატებს!” _ გვითხრა ბაღის რამდენიმე თანამშრომელმა.