ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, სახლში იზოლაციის პირობებში ერთი ადამიანი იყო დარჩენილი.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი, მაია ქუტიძე ამბობს, რომ 11 ადამიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში იმყოფება თვითიზოლაციაში.
„დაბა ნასაკირალში 11 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ეს უკავშირდება ქობულეთის შემთხვევას. ისინი თავს კარგად გრძნობენ და არ აღენიშნებათ სიცხე. მათი კონტროლი ყველა დღე ხდება“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ინფორმაციისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გვარაში 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებამდე მის სანახავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალში მცხოვრები ნათესავები იმყოფებოდნენ.
მაია ქუტიძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ არცერთი მათგანი 60 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში არ ჩასულა.
„ნასაკირალში მცხოვრებნი იმყოფებოდნენ ბათუმში 4 აპრილს და შემდეგ გადაწყვიტეს გზად ნათესავი მოენახულებინათ, მაგრამ, ისინი ეზოში, არ ჩასულან, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრიდან გაიგეს, რომ 60 წლის ქალს აღენიშნებოდა სიცხე. როდესაც, ეს ამბავი მოხდა, აღნიშნულ ქალს კორონავირუსი დადასტურებული არ ქონდა. ახლა ორი ოჯახი არის თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. არცერთ მათგანს არ აქვს სიცხე,“ _ გვითხრა მაია ქუტიძემ.
მაია ქუტიძემ, ასევე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კარანტინში 5 ოზურგეთელი იმყოფება და ისინი კარანტინს მომავალ კვირაში დატოვებენ.