დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სრული ლოკდაუნის გამოცხადების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
იმნაძის თქმით, მსგავსი არაფერი იგეგმება.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.