,ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს 2025 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო განიხილება ქვეყნად, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა, ადგილი არ აქვს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოდან მნიშვნელოვნად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილება”, – ეს განცხადება ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც მიგრაციის პოლიტიკის მართვის საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.
ოფიციალური ცნობით, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ მკვეთრად იკლო.
,,აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2022 წელს 28 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით, დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 65%-ით არის უკვე შემცირებული”, – განაცხადა პაატა სალიამ.
სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხების ურთიერთმიმართებაა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.




































































