იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2″-ს საქმეზე დროებით შეჩერებულია”
“გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ქართულ სამართლში ამგვარ მექანიზმს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება), რა თქმა უნდა არის უპრეცედენტო.
ფაქტია, რომ ქართულმა მხარემ ვერ/არ გაითვალისწინა მინიმალური ფორმალური სტანდარტები, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. დროებითი ღონისძიება, რომელსაც ისედაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებს სტარსბურგის სასამართლო (ამ ტიპის დავებზე კი საერთოდ არ იღებს), მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეალურად არსებობს ალბათობა, რომ მომჩივანს შეიძლება ამ ზომის მიუღებლობის შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და შესაბამისად, საჩივრის განხილვამ აზრი დაკარგოს („კონვენცია იცავს ეფექტურ უფლებებს და არა თეორიულს ან ილუზორულს“).
დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს – პალატა, სექციის პრეზიდენტი ან საამისოდ დანიშნული მოსამართლე. სასამართლო ამ დროს ხელმძღვანელობს სასამართლოს რეგლმანეტით, ასევე სასამართლოს პრეზიდენტის 2003 წლის 5 მარტის გაიდლაინით, რომელიც მოდიფირებული იქნა 2009 წლის 16 ოქტომბერს და 2011 წლის 7 ივლისს.
სასამართლო უფლებამოსილია მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს დაუყოვნებლივ მინისტრთა კომიტეტს – ევროსაბჭოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიუხედავად იმისა, საქმე წარმოებაშია მიღებული თუ არა (ეს ცალკე პროცედურაა), ასევე ეს არ ნიშნავს საქმის დაჩქარებულ განხილვას (ამის თაობაზე პალატის თავ-რე და ან პალატა ცალკე იღებენ გადაწყვეტილებას).
ამასთან, პალატას შეუძლია მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია ნებისმიერ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პალატის მიერ მითითებული დროებითი ღონისძიების განხორციელებას. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ მასალების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს დროებით ღონისძიების გაგრძელების საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს თავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო), იგი მაინც სავალდებულოა აღსასრულებლად. ამგვარი ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey (2005),” _წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.