პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერს.
ხანგოშვილი ამბობს, რომ ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.
„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს – შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა“, – ამბობს ხასო ხანგოშვილი.
ხანგოშვილის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოწოდებას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ადგილობრივი ქისტები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ვისაც ვინ უნდა იმას მისცემს ხმას. ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ. ხალხი ბრძენია და თვითონ გაარჩევს, ვის დაუჭიროს მხარი. პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია. მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან. ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, _ აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
წყარო: იმედინიუსი