პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმი ვასილ გოტაძე ამბობს, რომ პაციენტის თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ტვინიც მნიშვნელოვნად დააზიანა.
“ამ დროისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა, ის ისევ მძიმედაა. არის კომატოზურ მდგომარეობაში, პროგნოზის გაკეთება რთულია”,- ამბობს ექიმი ვასილ გოტაძე.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ აქციაც გამართეს და ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს.
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.