როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეცნიერული გამოკვლევებითაც მტკიცდება და ახლა უკვე იუნესკომაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო.
„ხორბლის კულტურის ისეთ სახეობები, რომლებიც ევოლუციურად ახლოს დგანან ხორბლის ველურ სახეობებთან, შემონახულია მხოლოდ საქართველოში, ასეთია: ზანდური, კოლხური ასლი, მახა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა, რაც შეადგენს ხორბლის კულტურულ სახეობათა 70%-ს. მათ შორის ხუთი არის ენდემური სახეობა. ამას ემატება ის ფაქტიც რომ საქართველოში აღმოჩენილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.
































































