საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პირველი მოსმენით დეპუტატებს პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლში შესატანი ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პარლამენტის წევრთა შრომით ანაზღაურებას აწესრიგებს. როგორც გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტის წევრების შრომითი ანაზღაურება კანონით დადგენილი თანამდებობრივ სარგოებს მოიცავს.
,,აღნიშნული ინიციატივით, ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლში. ეს არის მუხლი, რომელიც პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს აწესრიგებს. მინდა გითხრათ, რომ კანონთა პაკეტში, რომელშიც ძირითადი კანონი არის საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ, ასევე, არის კანონ-პროექტი პარლამენტის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც ანალოგიური მუხლია შრომით ანაზღაურების აწესრიგებს. ეს ცვლილება განპირობებულია სწორედ, იქ ინიცირებული ცვლილებით. პირველი მოსმენით განხილვისას, შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ პარლამენტის წევრები არ უნდა იღებდნენ დანამატებს და ფულად ჯილდოებს, ამიტომ შესაბამისი ცვლილება ხორციელდება ასევე შრომის ანაზღაურების განმსაზღვრელ ნორმაში, კერძოდ, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილი თანამდებობრივ სარგოს. დანამატები, როგორც ასეთი არ იქნება, ზუსტი ფორმულა მეორე მოსმენის ფარგლებში კიდევ უფრო უნდა დაზუსტდეს, თუმცა პრინციპის დონეზე დამოკიდებულება პარლამენტმა გამოამჟღავნა იმ კანონის განხილვისას, რომელიც შრომის ანაზღაურების კანონის შესახებ ანალოგიურ კანონს არეგულირებდა“, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.