პოლიტიკის ექსპერტის, ვაჟა ბერიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული შიდა პარტიული დისციპლინის შექმნა გარკვეულ კითხვებს აჩენს. მისი თქმით, დეპუტატები ამომრჩევლის წინაშე არიან პასუხისმგებლები და არა პარტიული დისციპლინის, რომელიც დეპუტატების შეზღუდვას გამოიწვევს.
,,ცხადია, ,,ქართულ ოცნებას“ უფლება აქვს თავისი შიდა პარტიული სამზარეულო მოაწყოს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, თუმცა, საინტერესოა, პარლამენტის თავმჯდომარე რა მიზნით აკეთებს ყოველივე ამას. თავისთავად ცხადია, რომ პარტიული დისციპლინის მეშვეობით პარლამენტარების ზომაზე მეტად შეზღუდვა დაუშვებელია. დეპუტატები, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის წინაშე აგებენ პასუხს და მათი საქმიანობის ზედმეტი რეგლამენტაცია, ბუნებრივია, არ შეიძლება. ამასთან, გუნდში რომ მოწესრიგდეს ვითარება და ჩამოყალიბდეს მკაფიოდ რეგლამენტირებული მტკიცე ურთიერთობები, ჯერ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც მკაფიოდ ექნება განსაზღვრული ურთიერთობების მექანიზმები და შიდა პარტიული დემოკრატია. როდესაც პარლამენტის სპიკერი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ითხოვს პარტიის წარმომადგენლებისთვის მკაფიო დაქვემდებარებას რაღაც გადაწყვეტილებების, რაღაც განცხადების რაღაც პოზიციების გამოხატვის გამო, ბუნებრივია, ამასთან ერთად პარტიაში უნდა არსებობდეს გადაწყვეტილებების შემუშავების ასევე მკაფიოდ განსაზღვრული მექანიზმები, რათა ვინმემ, თუნდაც თუნდაც არჩეულმა ლიდერმა, პარტიის დანარჩენ წევრებს ყოველგვარი მოთათბირების გარეშე თავს არ მოახვიოს საკუთარი აზრი. ამ საკითხებს უნდა აკონტროლებდეს პარტიის ლიდერი, ბატონი კვირიკაშვილი. მე ვემხრობი ,,ქართული ოცნების“ სოლიდურ, გააზრებულ, მკაფიოდ სტრუქტურირებულ ევროპულ პარტიად ჩამოყალიბებას“,_გვითხრა ბერიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიქმნება შიდა პარტიული დისციპლინა, რომელიც დეპუტატებს გარკვეულ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
,,გაიწერება წესები, რომელიც უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომლებსაც წესით დაწერა არც სჭირდებათ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები არაერთხელ დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დაწერო”, _ განაცხადა კობახიძემ.