პარლამენტის ბიურომ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 26 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ 29 და 30 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორმოცამდე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხია, მათ შორის, საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ( III მოსმენა).
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებებისთვის – მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, აგრეთვე გამომშრალი და ნედლი მარიხუანასთვის დიდი ოდენობების ცვლილებას; კერძოდ, მცენარე კანაფისთვის დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1000 გრამი (ნაცვლად 250 გრამისა). ხოლო მარიხუანასთვის დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში იქნება 70 გრამი (ნაცვლად 50 გრამისა), ნედლის შემთხვევაში – 140 გრამი (ნაცვლად 100 გრამისა).