საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, პირველი არხის ინფორმაციით, შენობა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა.
რეგლამენტის პროექტის განხილვისას კი, უმრავლესობის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის წინააღმდეგ გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში საქმიანობა 2012 წლის 21 ოქტომბერსდაიწყო, როცა მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა.
ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წელს საპარლამენტო კომიტეტებმა საქმიანობა თბილისში დაიწყეს. განხორციელდა ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზების რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სხდომათა დარბაზსაც.