პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროექტს კომიტეტის წევრებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს.
ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის გარდა, ასევე განახორციელებს საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან და მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი.
ნდობის ჯგუფის წევრები უფლებამოსილი იქნებიან წინასწარი ინფორმირებითგანახორციელონ ვიზიტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.