პარლამენტის სასესიო დარბაზი ბლოკირებულია – ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ოპოზიცია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პარლამენტში დემარშით შევიდა.
ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზს არ დატოვებენ, ვიდრე კობახიძე თანამდებონიდან არ წავა.
სხდომათა დარბაზში იმყოფება ნიკა მელია, სხვა დეპუტატებს კი პარლამენტის შესასვლელიდან სასესიო დარბაზისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
საკანონმდებლო ორგანოს შენობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ალყაში აქვთ მოქცეული.
“ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით, რომ სერგეი გავრილოვი ჩამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში, ვინაიდან ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა და, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. ე.წ. დამოუკიდებლობას, რომელიც დგას ეთნიკურ წმენდაზე და ადამიანების ხოცვაზე. ამიტომ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი ვიყავით თავიდანვე, მაგრამ რაც დღეს მოხდა, სცილდება ყველა ფარგლებს, რადგან ყველაფერს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა. ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იკავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი, ის, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დღეს არის საქართველოს პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის სხდომა მიყავს ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელს, იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა რუსეთის დუმაში საქართველოს რღვევას, ვინც ხმა მისცა რუსეთის დუმაში და მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლოებას, ეს სიმბოლო უკვე სცილდება ყველანაირ პოლიტიკურ ფარგლებს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.