პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს.
ადგილზე იმყოფებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. დეპუტატებმა მწუხარება გამოთქვეს დაღუპულთა გამო და ელჩს მიუსამძიმრეს.
„დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის ხალხის მიმართ. ვთქვით, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. პატივი მივაგეთ დაღუპული ადამიანების ხსოვნას. განსაკუთრებით აღვნიშნეთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული ორივე მხრიდან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ზაზა ლომინაძემ, ბექა ოდიშარიამ, ხატია წილოსანმა და გელა სამხარაულმა.
ასევე პარლამენტში, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი და ხატია წილოსანი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდნენ.
ელჩმა დეპუტატებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„ელჩმა გაგვაცნო ისრაელში არსებული სიტუაცია და მიმდინარე მოვლენები. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მუდმივ კავშირზე ვიქნებით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.