პარლამენტის წინ ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იწყება.
აქციაზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნაა: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემა.
პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, დეპუტატებს შორის ხელჩართული დაპირისპირება იყო, რომლის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლების არშეშვებამ გამოიწვია. თუმცა მედიის ნაწილმა მაინც მოახერხა პარლამენტში შესვლა.
დაპირისპირების შემდეგ მანდატურის სამსახურმა ჯერ ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი, შემდგომ კი ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ავტორი: მერაბ ცაავა