პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო.
ინიციატორი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს. პაპუაშვილმა მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.
“ბოლო 10 წელია ანაზღაურება პარლამენტის წევრებისა არ შეცვლილა 2013 წლიდან და არის იგივე თუმცა რეალურად, ეს ცვლილება არ მომხდარა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვინაიდან 2012 წლის მოწვევის პარლამენტამდეც, 2008-12 წლის პარლამენტში მართალია ნომინალურად ანაზღაურება იყო უფრო დაბალი, თუმცა ვინაიდან მაშინ არსებობდა პრემიებისა და დანამატების სისტემა პარლამენტში, რეალური ფაქტობრივი ანაზღაურება იყო უფრო მეტი ვიდრე ეს იყო ნომინალურად განსაზღვრული”, – თქვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დაკორექტირდა და პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.
თავდაპირველად პროექტში ეწერა, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული.