Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.
შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხეულის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა.
„საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 2 მაისს ბრიუსელში მოეწერა.
შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები და მემორანდუმები უკვე 35 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved