დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას უზრუნველყოფს.
კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრება.
„როდესაც კომისია დაიწყებს მუშაობას, საზოგადოებას საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართება და რომელიც ასევე მიმდინარეობს სამთავრობო კომისიის ფორმატში. საკითხის გადაჭრის გზებზე მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და მათი ჩართულობით ვიმსჯელებთ. დარწმუნებული ვარ, ერთად ვიპოვით გზებს და ამ პრობლემას გადავჭრით”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დროებითი კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.


































































