პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 4 “იმედის” თანამშრომელია. საკითხს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარეს. პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 2 წავიდა.
შესარჩევი კომისიის წევრები იქნებიან:
- დავით მაღლაფერიძე – რადიო “იმედის” პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯის” ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია – “იმედის” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- ნინო მეუნარგია – “იმედის” ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი – კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი, “იმედის” ტელეწამყვანი;
- ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ “თბილისის” რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი, ფოლკლორისტი;
- მარიამ გვიდიანი – ა/ო “ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება” – აღმასრულებელი დირექტორი;
- გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის, “დიდგორის” სოლისტი.
საკითხი განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა და განაცხადა:
“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა. კონსულტაციების შედეგად, შერჩეულია შემადგენლობა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა კომისიისთვის საკუთარი კანდიდატურები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა.”
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, კომისიაში ეკა წამალაშვილის კანდიდატურის დამატება ითხოვა, თუმცა მას უარი ეთქვა.