პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ გენდერული საბჭოს კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილება ოთხს კანონში – შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა.
კანონპროექტი განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
ცვლილებებს შენიშვნის სახით დაემატა სექსუალური ხასიათის ქცევის უფრო კონკრეტული განმარტებაც:
“სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა”.