„ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან არ იკვეთება, რომ პარტიის თავმჯდომარე მოსამართლეთა სიის გატანას ლობირებს“, _ აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ჩანს, რომ პარტიის ლიდერისთვის მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით განხილვის შეჩერება მისაღებია.
„ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ მჟღავნდება, თუმცა, მეორე მხრივ, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარისთვის მისაღებია მმართველი პარტიის წევრების გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდმა საკითხის განხილვის ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა“, _ აღნიშნავს ლაგაზიძე.
ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი თანამდებობებზე უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიას არ დაამტკიცებს.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან არ იკვეთება, რომ პარტიის თავმჯდომარე მოსამართლეთა სიის გატანას ლობირებს, ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის ძალისხმევის შედეგად, პარლამენტში თანამდებობებზე უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია ვერ დამტკიცდება“,_ აღნიშნა ლაგაზიძემ.