როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დადგენილების პროექტს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
„საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის წევრთა რაოდენობა, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების კვოტები განისაზღვრება. ფრაქციებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა 4 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე კომისიის წევრთა სია უნდა წარმოადგინონ, რომელსაც პარლამენტის ბიურო ცნობად მიიღებს. კომისია ხუთშაბათიდან შეძლებს სრულფასოვნად მუშაობის დაწყებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დროებითი კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ფორმირების მექანიზმების გამჭვირვალე და ობიექტურ შესწავლას.
კომისია შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს. პარლამენტის დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.
დადგენილების პროექტის ინიციატორი და ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნება”.































































