გუშინ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამას მოქალაქეების დაშავება მოჰყვა, და მათ შორის, მედიის წარმომადგენლების, _ იუწყება მედიაჩეკერი.
დაშავებულთა შორის არიან:
_ On.ge-ის რედაქტორი თამუნა გეგიძე და ჟურნალისტი იზაბელ მოდებაძე.
“როდესაც ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, ჟურნალისტები და ოპერატორები, სხვადასხვა მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფი, განცალკევებით ვიდექით. ამ დროს პირდაპირ ჩვენსკენ მომართა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, მომიტინგეების მიმართულებით კი ისროლეს ცრემლსადენი გაზიც. რაღაც მომენტში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, სასწრაფოს მანქანასთანაც მივედი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო. მას შემდეგ, რაც სუნთქვა შედარებით გამიმარტივდა, დავუბრუნდი საქმეს”, _ ამბობს თამუნა გეგიძე.
_ დაშავდა “მთავარი არხის” ოპერატორი ლუკა ლავრელაშვილი. ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჩანს, რომ დაშავებულ ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
_ არხის პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჩანს, რომ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა “მთავარი არხის” ახალი ამბების რეპორტიორს, ნინო გაზდელიანს.
“რობოკოპები უშვებენ წიწაკის სპრეის, შესაბამისად, ძალიან გვიჭირს მუშაობა”, — თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას.
_ დემონსტრანტების წინააღმდეგ, წიწაკის სპრეის გაშვებისას დაშავდა ინტერნეტგამოცემა “გურია ნიუსის” რეპორტიორი, მერაბ ცაავა, როდესაც პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა.
_ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად, ინტოქსიკაცია მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოპერატორმა, ლევან მელიქიძემ.
_ შესაძლოა, ცრემლსადენი გაზის გაშვებას უკავშირდებოდეს თვალების წვა, რომელიც “კურიერის” ჟურნალისტებს _ გიორგი პერტაიას და მარიამ ქაშაკაშვილს გამოუვლინდა.
_ მსგავსი სიმპტომები აქვთ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორებს: ვანო გორგიშვილს, გიორგი ნიკოლაიშვილს, გიორგი ჟამერაშვილს და ამავე სააგენტოს ჟურნალისტს ანუკი მუმლაძეს.
ასევე, დაშავებულები არიან:
Cnews.ge-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძეც.
_ “ინფოიმერეთის” ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა,
_ JRC-ის ჟურნალისტი ხვიჩა გაბუნია.