„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისევ ძიმითის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
ნაგომრის საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.
2023 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში სოფელ ნაგომარში მცხოვრები ადგილობრივები და ნაგომრის საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობდნენ, რომ თუ ახალი შენობა აშენდებოდა, სოფლის სივრცეზე უნდა ყოფილიყო მორგებული:
“დიახ, ადგილობრივთა აზრი ასეთია და იგივე აზრი გვაქვს ჩვენც, პედაგოგთა კოლექტივს, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს. მთელ სოფელს უნდა, რომ სკოლა თუ გარემონტდება ან თუ უვარგისია და დემონტაჟი მოხდება, ისევ ისეთი იყოს და ნაგომრის ცენტრს ტრადიციულად ამშვენებდეს ის არაჩვეულებრივი ხედი, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აქვს და განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. თუ ახალი უნდა აშენდეს, როგორმე უნდა მოერგოს ამ სივრცეს”, – თქვა მაშინ ჩვენთან საუბრისას სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ წიტაიშვილმა.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს „გურია ნიუსმა“ კითხვებით 2024 წლის იანვარში მიმართა.
ჩვენ ვკითხეთ, ზუსტად რა ტიპის სამუშაოები იგეგმებოდა სოფელ ნაგომრის სკოლაში, შენობის დემონტაჟი თუ რეაბილიტაცია?
მათ მიერ მოწერილ პასუხში შემდეგს ვკითხულობთ: „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განხილული იქნა თქვენი 2024 წლის 22 იანვრის N 54068 განცხადება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია/დემონტაჟთან დაკავშირებით, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს სსიპ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის ტექნიკური შესწავლა და განისაზღვრება სკოლისთვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გახორციელების საკითხი.“
„გურია ნიუსი“ ორი დღის წინ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ლალი სიჭინავას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია შენობის დემონტაჟი მოხდება თუ რეაბილიტაცია.
„ამ ეტაპზე ცნობილი ის არის, რომ ნაგომრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. მათ მოემსახურება ტრანსპორტი“, – გვითხრა ლალი სიჭინავამ.
ავტორი