ოზურგეთს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დასასრულს უახლოვდება სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. მიუხედავად თავდაპირველი კმაყოფილებისა, მოსახლეობის საკმაო ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ შენობების შესასვლელი კარი ვიწრო და მოუხერხებელია.
აღნიშნულის თაობაზე „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს ესაუბრა:
_გეტყვით, რომ აღნიშნული პროექტი ტიპიურია და გამოგზავნილია სამინისტროს მიერ. შენობა ჩვეულებრივ ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და იმ ტიპისაა, რომელიც საკმარისია ეტლით გადაადგილებულთა მომსახურებისთვის. რაც შეეხება კარს, არის 90 სანტიმეტრის ღიობით და სრულიად საკმარისია ეტლით გადაადგილებისთვის.
თუ რა თანხა გამოიყო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის და რომელ სოფლებში გახორციელდა აღნიშნული პროცესები, ასევე ინფორმაცია მოგვაწოდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან : „მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოეყო 1 164 118 ლარი. ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩატარდა დაბა ნასაკირალში, კონჭკათში, ჭანიეთში, გურიანთაში, ბაილეთში, შემოქმედში, ბოხვაურში, ნარუჯაში, ნატანებსა და დაბა ურეკში. მიმდინარეობს “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“- ს მშენებლობა _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, ეკა მგელაძემ.