დღეს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ოზურგეთელი დაღუპული მეომრების თემურ ჭიტაძის, თამაზ ნიკიტინის და ზაურ თენიეშვილის საფლავები გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
თავდაპირველად ისინი, ქალაქ ოზურგეთში, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავზე მივიდნენ და გვირგვინით შეამკეს.
ზაზა დამენიას დედა ციური წერეთელი შვილის საფლავთან დახვდა ხელისუფლების წამომადგენლებს:
_ უკვე რმდენი ხანია, ეს პერიოდი ყველაზე ტკივილიანია ჩემთვის და მივყვები ასე დღეებს. ღმერთმა ასეთი ბედი მარგუნა, შვილმკვდარი დედა მრქმეოდა. რაღაა შვილდაკარგული დედის სიცოცხლე, თუმცა, ის მაძლიერებს და მამაგრებს, რომ ასეთი შვილი გავზარდე და სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი. ღმერთს ვთხოვ, მშვიდობა იყოს ქართველთა შორის და ქართულ მიწაზე, _ გვითხრა მან.
ხელმძღვანელმა პირებმა და ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომგამოვლილმა ვეტერანებმა გვირგვინებით შეამკეს თანამებრძოლთა მემორიალი.
ქალაქ ოზურგეთის მერიამ აგვისტოს გმირების ოჯახებს ფულადი დახმარების სახით 300 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ომების ვეტერანმა ზურაბ ურუშაძემ, „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია, რომ მთავრობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების 1000-ლარიანი დახმარება დაუნიშნა.
_ მე უმძიმესი ოპერაცია უფასოდ გამიკეთეს და მადლობის მეტი რა მეთქმის, თუმცა, ცოცხალ ვეტერანებს მხოლოდ 22-ლარიანი დახმარება გვეძლევა. კარგი იქნება, სახელმწიფო თუ იფიქრებს მეტი დახმარება გაგვიწიოს ჩვენ, _ ამბობს ის.
აგვისტოს ომის მონაწილის გოჩა დოლიძის თქმით, ცოცხალ ვეტერანებს სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს.
_ ჩვენ სული გვაქვს ასეთი, ომში ვიბრძვით და ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ მოხდეს და კიდევ გახდეს საჭირო ბრძოლა, უკან არ დავიხევთ. თუმცა, რა არის 22- ლარიანი დახმარება? მრავალგზის ნატყვიარ ბიჭებს ვიცნობ, ვიცი, სიკვდილზე მიდიოდნენ… დღეს ისინი არავის ახსოვს. რაც შეეხება ოპერაციებს დ ასეთ სამედიცინო დახმარებებს, გადაუდებელი ოპერაცია ყველა მოქალაქეს უფინანსდება და ეს ძალიან კარგია, თუმცა, კონკრეტულად ვეტერანებისთვის არ გაკეთებულა ეს. მეტი ყურადღებაა საჭირო იმ მეომრებისთვის, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ და დღეს ვეტერანები ჰქვიათ. ომში წასვლა რომ გახდეს საჭირო, ადამიანმა არ უნდა იფიქროს, მაინც არავინ დამიმადლებს, რომ დამჩეხონ და 22 ლარად შემაფასებენ, თუ გადავრჩი და ნატყვიარი დავბრუნდიო, _ გვითხრა გოჩა დოლიძემ.