საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ნათლად იკვეთება რომ პატრიარქის დაცვის სამსახური ვერ უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებებს და სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„რატომ არ დგება დღემდე პატრიარქის დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი? და ვინ იცავს პატრიარქს დღეს?! პატრიარქის დაცვის სამსახური და მისი ხელმძღვანელის მიმართ ბოლო პერიოდში რამდენიმე პასაჟი გამოიკვეთა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არაჯეროვან მუშაობაზე გააკრიტიკა; გერმანიაში პატრიარქის უსაფრთხოების შესუსტების გამო სახელმწიფო დაცვის ოპერატიული სამსახურის უფროსი პირადად ჩავიდა პატრიარქის დაცვის მიზნით; პატრიარქის ვიდეოს გავრცელების თემაზე, რომელიც დამონტაჟებული აღმოჩნდა, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ის არ ფლობდა ინფორმაციას ვინ გადაიღო რგოლი და ვინ გაავრცელა, მეტიც, ვინ იმყოფებოდა პატრიარქთან პალატაში; ვფიქრობ, ეს მოცემულობა სრულიად საკმარისია რომ გადაიხედოს პატრიარქის დაცვის სამსახურის თემა და ამ მოცემულობით მიზანშეწონილობის საკითხი.
ნათლად იკვეთება რომ პატრიარქის დაცვის სამსახური ვერ უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც, ალბათ მისი შემადგენლობა ნაწილობრივ ან არსებითად უნდა შეიცვალოს, ცხადია სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობით. ხოლო პატრიარქის უსაფრთხოების დონის შემცირება რამდენად მოტივაციურია დაცვის სამსახურის უფროსის ან რომელიმე წევრის მხრიდან, ამ თემაზე უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სამსახურის უფროსი დაიკითხოს“, _ აცხადებს გამზარდია.