დაიკარგა პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი. უცნობია, ვინ მოიპარა ისინი, თუმცა, ცნობილია, რომ ფაქსიმილეს და ბეჭდის დაკარგვა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა. როგორც თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, ილია მეორის ფაქსიმილე და ბეჭედი გამოიყენეს გერმანიისა და ავსტრიის ვაკანტური ეპარქიის შევსებისათვის, სადაც ყოვლად მოულოდნელად, დანიშნეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე. მისი თქმით, ეს წმინდა სინოდის პრეროგატივა იყო და აქედანაც ჩანს, რომ რაღაც გარკვეულ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე.
დოკუმენტიდან, რომელიც “იმედის დროს” კონფიდენციალურმა და საპატრიარქოსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ნამდვილად დაინიშნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად. დოკუმენტი 9 თებერვლით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც უწმინდესი ჯერ კიდევ გერმანიის ჰელიოს ბერლინი ბუხის კლინიკაში მკურნალობს.
“იმედის დროს” ცნობით, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, მისი დაწინაურება მისივე ეპარქიაში დაადასტურეს.
ბეჭდის და ფაქსიმილეს მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან. ამას ჟურნალისტთან პირად საუბარში ანონიმური წყარო, საჯაროდ კი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ადასტურებს.
“თუკი კათოლიკოსი უნებლიეთ, ოპერაციის შედეგად გადაყვებოდა ოპერაციას, ამ შემთხვევაში მათ სასწრაფო წესით უნდა გამოეცხადებინათ მემკვიდრე. ეს იქნებოდა, ცხადია, გაყალბებული დოკუმენტი”, – აცხადებს ტიგინაშვილი.
ემზადებოდნენ თუ არა პატრიარქის სიცოცხლეშივე ეკლესიის დროებითი მმართველისთვის და ჰქონდა თუ არა ფუნქცია ამ პროცესში მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს, წყაროს ინფორმაციით, გამოძიება, ავარაუდოდ, ამ სკანდალურ ფაქტებსაც სწავლობს.
მეუფე გერასიმე სკანდალში რემდენიმე კვირის წინაც გაეხვა, მაშინ, როდესაც გერმანიაში ჩაწერილი პატრიარქის მიმართვა მისივე ეპარქიის ფეისბუქ გვრდზე აიტვირთა, ოღონდ დამონტაჟებული ვერსიით.
დამონტაჟებული მიმართვის ამბავი ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, პატრიარქის ძმისშვილი მიტროპოლიტი დიმიტრია, რომელიც მიმართვის ჩაწერის პროცესს ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ფრაზა ილია მეორესთან შეთანხმებით ამოჭრეს.
შესაძლო მოწამვლის ფაქტზე დღემდე მხოლოდ სპეკულაციები ვრცელდება. “იმედის დროს” საპატრიარქოსთან დაახლოებული წყარო ადასტურებს, რომ უნდა მომხდარიყო არა ხოლოდ უწმინდესის, არამედ სხვა მაღალი იერარქიის საერო და სასულიერო პირების მოწამვლა.
ასევე, მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, ციანიდს პატრიარქამდე მიიტანდა ადამიანი, რომელიც უწმინდესს უვლის, მის გვერდითაა და ხშირად ჭამაშიც ეხმარება. ასეთი პირი, “იმედის დროს” ცობით, რამდეიმეა – მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის თანამესაკნე დედა ალექსანდრა და ასევე მისი თანამესაკნე მამა დავით ჭინჭარაული.
“იმედის დრომ” სკანდალური ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაახლოებულ რამენიმე პირთან გადაამოწმა, თუმცა, ერთადერთი, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეა, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება მოწამვლის ფაქტს არ გაასაჯაროებდა და ბუნებრივ პროცესს დააბრალებდა.
გადაცემის ინფორმაციით, საქმეში დევს რამდენიმესაათიანი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. მასში სავარაუდოდ, ბრალდებულის და მოწმის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ. შესაძლოა ირაკლი მამალაძის გარდა, იყოს კიდევ ერთი ჟურნალისტი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირი.
წყაროს მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციის ნაწილი ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაადასტურა.
რეზონანსული საქმის დეტალები ჯერ ისევ ბუნდოვანია. ბუნდოვანია ისიც, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მამა გირგი მამალაძე, რომელიც მზად იყო, რამდენიმე დღიანი დუმილი დაერღვია. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა შორენა თეთრუაშვილიც, თუმცა, მისი დაკითხვაც არ მომხდარა.
დეკანოზის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთება, რაც მამალაძის ციანიდთან შემხებლობას გამორიცხავს.
მოლოდინია, რომ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ჩვენება საქმეშიც და საპატრიარქოშიც ბევრ გარემოებას შეცვლის. ცვლილებები უკვე დაწყებულია და ჩვენება სავარაუდოდ ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
ამ დროისთვის მამა მიქაელ ბოტკოველი აღარ არის პატრიარქის მდივანი; პატრიარქს აღარ იცავს მისივე ნათესავი, დიმირტი შიოლაშვილის სიძე სოსო ოხანაშვილი; საპატრიარქოდან დაითხოვეს დაცვის 17 წევრი; ილია მეორის დაცვის სამსახური ზურაბ ბუჩუკურს ჩააბარეს.