საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაკარგული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
”მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა. პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც აქვს უშუალოდ მას და არავის აქვს უფლება ამ ბეჭედზე. პატრიარქი ბეჭედს იყენებს ქონებრივი საკითხების გადაწყვეტასთან, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. მასზე ხელი არავის არ მიუწვდება”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გადაცემა ”იმედის დროში”.
რაც შეეხება ფაქსიმილეს, მამა გიორგი ზვიადაძის განმარტებით, როდესაც პატრიაქი ვიზიტებში მიემგზავრება, იმყოფება სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში, ფაქსიმილე არის საპატრიარქოში და მისი გამოყენება მხოლოდ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდება.
”ხშირად გადაუდებელი აუცილებლობა იჩენს თავს, როცა პატრიარქი გერმანიაში იმყოფება. გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აუცილებლია ხელმოწერა და მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქთან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით შეიძლება რომელიმე პირს მიეცეს უფლება, გამოიყენოს პატრიარქის ფაქსიმილე”, _განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამავე გადაცემაში გასულ სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი დაიკარგა. უცნობია, ვინ მოიპარა ისინი, თუმცა, ცნობილია, რომ ფაქსიმილეს და ბეჭდის დაკარგვა პატრიარქის გერმანიაში წასვლას ემთხვევა. როგორც თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, ილია მეორის ფაქსიმილე და ბეჭედი გამოიყენეს გერმანიისა და ავსტრიის ვაკანტური ეპარქიის შევსებისათვის, სადაც ყოვლად მოულოდნელად, დანიშნეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე. მისი თქმით, ეს წმინდა სინოდის პრეროგატივა იყო და აქედანაც ჩანს, რომ რაღაც გარკვეულ მზაკვრობასთან გვაქვს საქმე.
დოკუმენტიდან, რომელიც “იმედის დროს” კონფიდენციალურმა და საპატრიარქოსთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე ნამდვილად დაინიშნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად. დოკუმენტი 9 თებერვლით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც უწმინდესი ჯერ კიდევ გერმანიის ჰელიოს ბერლინი ბუხის კლინიკაში მკურნალობს.
“იმედის დროს” ცნობით, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, მისი დაწინაურება მისივე ეპარქიაში დაადასტურეს.
ბეჭდის და ფაქსიმილეს მოპარვა, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს პატრიარქის ანდერძის გაყალბებასთან. ამას ჟურნალისტთან პირად საუბარში ანონიმური წყარო, საჯაროდ კი თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ადასტურებს.
“თუკი კათოლიკოსი უნებლიეთ, ოპერაციის შედეგად გადაყვებოდა ოპერაციას, ამ შემთხვევაში მათ სასწრაფო წესით უნდა გამოეცხადებინათ მემკვიდრე. ეს იქნებოდა, ცხადია, გაყალბებული დოკუმენტი”, _აცხადებს ტიგინაშვილი.