საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადსა და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
“შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისთვის.
ისრაელის ელჩმა ქ-ნმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.