პატრიოტთა ალიანსი იშლება, ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება ნატო ჩხეიძემ მიიღო.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მასში 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადის წარდგენიდან მე-7 დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ ,,პატრიოტთა ალიანსი“ ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი აღარ დაიკავებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამასთან, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღარ იქნებიან ბიუროს შემადგენლობაში და კომიტეტებში ვეღარ დაიკავებენ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ,,ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი ,,პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა არ დაადასტურა. მისი თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში ,,პატრიოტთა ალიანსში“ გადასვლას არ აპირებს.
ჯერჯერობით, ნატო ჩხეიძე ფრაქციიდან წასვლის მოტივებზე არ საუბრობს.