“რამდენი ფიქრობთ, რომ გზა მე უნდა გავაკეთო, რადგან პროტესტს გამოვთქვამ?” _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრი ვეკო წულაძე და იქვე სოფლის ავარიული გზის ფოტოებსაც აქვეყნებს.
როგორც ვეკო წულაძე წერს, მისი შვილი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონია, უამინდობისას გზისა და ტრანსპორტის პრობლემის გამო, სკოლაში წასვლას ვერ ახერხებს.
“მე მყავს 6 წლის ნინი, დაუნის სინდრომით, ასევე, 8 წლის საბა. ორივე დადის სკოლაში. ბავშვებს ემსახურება სკოლის “მარშრუტკა”, მაგრამ წვიმიან დღეებში ვერ ამოვდივარო, _ ამბობს და ბავშვებს ტოვებს ქუჩაში. მაინტერესებს, სხვა სამგზავრო ან სატვირთო ავტომობილები როგორ ამოდიან? ნინისთვის წვიმაში ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია _ ერთი დასველება ჯანმრთელობის ფასად უჯდება. თუ არ მინდა, რომ დასველდეს, მაშინ წვიმაში სახლში უნდა დავტოვო, რასაც ხშირად ვაკეთებ. მაშინ განათლების სამინისტრო რატომ დებს რესურსს ჩემი შვილის განათლებაში, რომელსაც სრულფასოვნად ვერ იღებს? ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს განათლება და გარემო იყოს ხელმისაწვდომი, ჩემს შვილს კი ეს უფლება ეზღუდება.
სკოლაში, რომელშიც სულ 45 მოსწავლე ირიცხება, 9 მოსწავლე დადის სოფლის იმ კუთხიდან, სადაც “მარშრუტკა” წვიმაში არ ამოდის, აქედან ერთი სპეციალური საჭიროებისაა, ასევე, 2 ბაღის აღსაზრდელი.
პრობლემა არის გზის მონაკვეთი, რომელსაც მძღოლი გვისახელებს. კარგად ვიცით გზა მუნიციპალიტეტის მოსაგვარებელი საკითხია და ასევე სკოლის ტრანსპორტის სრულფასოვანი მომსახურებაც”, _ წერს ვეკო წულაძე.
აღნიშნულ პოსტს სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც ეხმიანებიან:
“რომელიმე მაღალჩინოსნის სახლი რომ იყოს მანდ, კარგი იქნებოდა _ გზა გექნებოდა”.
“იბრძოლე, ვეკო! ხშირად მიწერე სამინისტროს, მაღალჩინოსნებს, რომლებიც რამდენიმეათასიანი ჯიპებით გადაადგილდებიან და ნაკლებად აღელვებთ ჩვენი ბედი. იბრძოლე, ჩემო ლამაზო და მეც შენ გვერდით მიგულე”.
“პატრონი რომ არ გვყავს, იმიტომ ვართ გზის გარეშე და ფეხით დამყავს ბავშვები ბაღში, მანქანა რომ ვერ ამოდის უგზოობის გამო”.
“პატრონი ჰყავს საერთოდ ამ სოფელს?!”
“წვიმაშიც უნდა ბავშვებს სკოლა და ბაღი, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად _ არა!”
საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვეკო წულაძე სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტს აქვეყნებს. სოფელში გზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო იგი გასულ წლებშიც არაერთხელ წერდა და მაშინ, ყოველ ჯერზე “გურია ნიუსთან” გაკეთებულ კომენტარში სოფლის დეპუტატისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან იყო დაპირება, რომ პრობლემას ყურადღების გარეშე არ დატოვებდნენ. ანალოგიურ პირობას იძლევა ამჯერადაც სოფლის მაჟორიტარი გოგი მორჩილაძე:
“საქმის კურსში ვარ და ვეცდებით გამოვასწოროთ სიტუაცია. საერთოდ, აკეთში გზის თემა საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა, მისი არც ერთი მომართვა არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე, აქ სამ მონაკვეთზე დაიგო გზა _ 180 მეტრის, 130 მეტრისა და 100 მეტრის სიგრძეზე. დარჩენილი არის გზის გარკვეული მონაკვეთი და იმედია, ამ საკითხსაც მოვაგვარებთ”, _ ამბობს გოგი მორჩილაძე.