შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე დააკავა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები – პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა.
”ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს – ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ – სითხის შიგთავსით.
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები”, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved