საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევი მომზადდება,_ ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო წლებში, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული 14 დარგი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები, გამოვლენილია დარგობრივი შესაძლებლობები, შემუშავებულია დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის მომზადებას ითვალისწინებს. გზამკვლევი განსაზღვრავს იმ გზას, რაც საქართველომ ცირკულარული გარდაქმნის გზაზე უნდა გაიაროს. მსოფლიომ აღიარა, რომ რესურსები არის ამოწურვადი, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოებაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება უნარჩენო წარმოებისთვის, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და ა.შ ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისებას“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების და გარემოსთვის. ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა, რასაც ცირკულარული ეკონომიკა მოიცავს, კავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან.
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საკვანძო უწყებების აქტიური ჩართულობით.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში.