ემოციურად დატვირთული და გულთბილი გაცილება მოუწყო მშობლიურმა მეთერთმეტე საჯარო სკოლამ სამტრედიელ პედაგოგებს.
საპენსიო ასაკის მქონე 18 პედაგოგს, რომლებმაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ 2 წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევა მიიღეს.
,,გვინდა, რომ მოგეფეროთ და ყველამ ერთად გითხრათ, როგორ გვიყვარხართ. ეს სკოლა რუდუნებით დაგვახვედრეთ და ასეთივე რუდუნებით გავაგრძელებთ თქვენს გაკვალულ გზებს,”_ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა მეთერთმეტე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნანა მანჯგალაძემ.
ღონისძიებას დაესწრო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე, დავით ბახტაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური.
,,მართლაც გამორჩეული დღეა. თქვენი სწორი სვლა იმითაც დაამტკიცეთ, რომ ასპარეზი დაუთმეთ ახალგაზრდებს. კიდევ ერთხელ მოგეფერებით და მადლობას გეტყვით ყველაფრისთვის,“_ ასე მიმართა ღირსეულ პედაგოგებს ვალერიანე ფოცხვერიამ.