წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, ტრადიციად ქცეული, მასწავლებელ ნარი მაჭავარიანის სახელობის თასის გათამაშება გაიმართა.
“მხიარულ სტარტებში” ბახველ მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბახველი და ბათუმელი ბავშვები გადანაწილებული იყვნენ ორ გუნდად “არწივები” და მერცხლები”.
_ დასაწყისში პატივი მივაგეთ ნარი მაჭავარიანის ხსოვნას. ეს იყო ჩვენი საუკეთესო პედაგოგი. კოვიდმა იმსხვერპლა. უფრო ადრე კი მეუღლე და მეოთხეკლასელი შვილი გარდაეცვალა. ძალზე ტრაგიკული ოჯახი აღმოჩნდა. საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. …ქალბატონი ნარი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო…მოკლედ, ეს შეჯიბრი მის ხსოვნას ეძღვნებოდა, როგორც გითხარით, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ.
მისივე თქმით, შეჯიბრი ძალიან აზარტულად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობდნენ სტუმრები და მშობლები, ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებაზე ნარი მაჭავარიანის შვილმა, ნია დოლიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ღონისძიების ორგანიზატორების და ბავშვების მიმართ.
_ რაც მთავარია, ამ შეჯიბრში გაიმარჯვა ორი სკოლის მეგობრობამ. გუნდებს გადაეცათ სიგელები, ნარი მაჭავარიანის თასის გათამასებაში წარმატებული მონაწილეობისთვის. ტრადიცია გაგრძელდება და ეს შეჯიბრი ყოველ წელს ჩატარდება, ჩვენი ღირსეული პედაგოგის ხსოვნის უკვდავსაყოფად, – თქვა მზია ვაშალომიძემ.
ავტორი