რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს.
„ამასთან, მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით გაზრდა და საპენსიო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რათა სოციალურმა სისტემამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს.
გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის/„სოციალური პაკეტის“ მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/„სოციალური პაკეტის“ 20 პროცენტის ოდენობით, ასევე დანამატების დაფინანსება სამედიცინო პერსონალისთვის: ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) აუნაზღაურდებათ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ/სთ-ისა) ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.



































































