პენსიონერები პენსიას ფასების ზრდის მიხედვით მიიღებენ, _ ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფოს პენსიის ზრდის კონკრეტული მექანიზმი შემოაქვს, რაც ფასების ზრდაზე იქნება დამყარებული.
„ფაქტობრივად, ივნისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, საპენსიო ანაზღაურება იზრდება 30 ლარით, რაც ფაქტობრივად, დაეხმარებათ მათ, დამატებით, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში და მათ მოწყვლადობას შედარებით გამოასწორებს, ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ხოლო პირველი იანვრიდან, 70 წლამდე კატეგორიის პენსიონერები და ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერები მიიღებენ მინიმუმ 20 და 25 ლარიან საპენსიო დანამატს, გარდა ამ 30 ლარის დანამატისა.
ეს მინიმუმ ნიშნავს შემდეგს, რომ პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შემოაქვს კონკრეტული მექანიზმი, რაც არის შემდეგი, რომ ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ, ცალკე აღებულ წელს, პენსია იქნება უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ფასების დონე გაიზრდება ქვეყანაში. თუმცა, ამ ზრდის მაჩვენებელს აქვს მინიმუმი ზღვარი და ეს არის 20 ლარი 70 წლამდე და 70 წლის შემდეგ 25 ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ფულად ჭრილში, ეს ზრდა იყოს ამ მინიმუმებზე მეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.