მაჟორიტარული სისტემის თაობაზე მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ჯერჯერობით უცნობია გაითვალისიწინებენ თუ არა დეპუტატები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომელიც მან “გურია ნიუსთან” ინტერვიუში დააფიქსირა და რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა:
“მიმაჩნია, რომ უკეთესია მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც მაჟორიტარებს აქვთ ამომრჩეველთან _ ბევრჯერ მითქვამს მათთვის, რომ ფეოდალებად არ მოსულან” _ აღნიშნავდა ივანიშვილის 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარული სისტემაც და ამ მოსაზრებას უმრავლესობაში მომხრეები მრავლად ჰყავს.
“თუმცა ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს მხოლოდ პროპორციული სისტემა გარკვეული ბონუსით, თუმცა ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ის რომ მაჟორიტარული სისტემა კარგი არ არის – არასწორია. მაშინ ჯერ ამერიკამ გააუქმოს და შემდეგ ჩვენ გავაუქმოთ”, – ამბობს კახა ოქრიაშვილი.
მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებენ გუნდის სხვა წევრებიც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
“საბოლოო დოკუმენტის მიხედვით, კომისიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირა. ეს არის პროექტი რომლის ინიცირება მოხდება, შემდეგ გაიმართება საჯარო განხილვები და სამი მოსმენა პარლამენტში. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობას და ოპოზიციასაც შეეძლებათ არგუმენტები წარადგინონ. საპარლამენტო მოსმენების განმავლობაში, ვერ გამოვრიცხავთ რომ ამ დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.