პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
როგორც სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 157 ფაქტი დადგინდა.
„საანგარიშო პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგად 123 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 86 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 37 პირს — გაფრთხილება”, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
მისი თქმით, სამსახურმა, აღნიშნულ პერიოდში, გასცა 222 დავალება და რეკომენდაცია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების კონტროლისა და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით 3292 კონსულტაცია.
„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობის გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება”, – აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.