ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ და თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციის დაწყებამდე თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კილაძემ მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჯერ კიდევ ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის ეიფორიაში ვართ. 10- დღიანი თეატრალური ზეიმი გურიაში წარმატებით შედგა. მადლობას ვუხდით მედიის წარმომადგენლენს მხარდაჭერისთვის“, – თქვა ლია კილაძემ.
“ის, რაც ხდებოდა გურიაში 10 დღის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მხოლოდ შეუძლიათ გააკეთონ, თეატრზე უზომოდ შეყვარებულებმა და თეატრით შეპყრობილებმა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა – ფესტივალი შედგა და ფესტივალს აუცილებლად ექნება გაგრძელება.
150 წლისთავზე ოზურგეთის თეატრი აღმოჩნდა თეატრის გარეთ, ჩვენ ხომ უშენობოდ ვართ, მაგრამ 2020 წელს გვექნება ახალგარემომტებული შენობა. აქედან გამომდინარე, თეატრის იუბილეზე გადაწყვიტეთ პოდიუმი გაგვეკეთებინა და მივსალმებოდით ყველას.
ასევე, იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი, რომელზეც ჩვენს გუნდთან ერთად იმუშავა და დიდი წვლილი შეიტანა ლაშა ჩხარტიშვილმა. ყველას მადლობა მინდა გითხრათ, ვინც გვერდით დაგვიდგა და ჩვენი წარმატებები უხარია“, _ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრაზე ვასილ ჩიგოგიძემ და ზაზა ჯინჭარაძემ ვრცლად ისაუბრეს უკვე ჩატარებული თეატრალური ფესტივალის შესახებ, თეატრის იუბილესთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმებზე.