Pfizer/BioNTech-ი თავისი ვაქცინის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის მიმართ ეფექტურობას შეისწავლის. ამის შესახებ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების განცხადებაშია ნათქვამი.
Pfizer-ისა და BioNTech-ის ლაბორატორიები აცხადებენ, რომ თავიანთი ვაქცინის ეფექტურობას სწავლობენ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის მიმართ და შედეგები ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.
„დაუყოვნებლივ დავიწყეთ კვლევები B.1.1.529 ვარიანტთან დაკავშირებით, რომელიც აშკარად განსხვავდება უკვე ცნობილი ვარიანტებისგან, რადგან მას სპაიკის ცილაში დამატებითი მუტაციები აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.