„ფაიზერით“ ვაქცინაცია კლინიკების გარდა პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.
„აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი და გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და განვითარდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.