” სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა”, _ასე გამოაეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას.
მისი თქმით, კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მისცა და ამ მანდატს სწრაფად განახორციელებს.
როგორც ფაშიანიანმა აღნიშნა, ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება. მისი თქმით, მთავარი მიზანი ეროვნული ერთიანობისა და თანხმობის მიღწევაა.
“სომეხმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და მიიღო გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა სომხეთის ყველა მოქალაქის მიმართ, რომ ამ მძიმე განსაცდელის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიპოვეთ ერთმანეთი.
სომეხმა ხალხმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორე, ამჯერად ფოლადის რევოლუცია მოახდინა.
ყველა შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. დროა, აღდგეს საზოგადოებრივი და ეროვნული ერთიანობა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ კონსულტაციებს არჩევნებში მონაწილე ყველა ჯანსაღ ძალასთან.
კანონის დიქტატურა არის მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვცა და ამ მანდატს სწრაფად განვახორციელებთ”, _ განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების ხმების დათვლა დაასრულა. არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ,,სამოქალაქო შეთანხმებამ“, ხმების 53.92%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, ხმების 5.23%-ით.
ავტორი: მერაბ ცაავა