პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ დამფუძნებელი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკ-პოსტის გამო. პოსტი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ეხებოდა.
ხოშტარიას ედავებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას“.
პოლიტიკოსს, დაჯარიმებასთან ერთად, იარაღის ტარების უფლება სამი წლით ჩამოართვეს.
გადაწყვეტილება დღეს დილას გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა. ხოშტარია არცერთ სხდომას არ დასწრებია.
„ელენე ხოშტარია ცნობილ იქნეს სამართალმრღვევად… ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით… ელენე ხოშტარიას ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამი წლით“, – განაცხადა მოსამართლე თეთრაულმა.
მოსამართლის განმარტებითვე, ხოშტარიამ ჯარიმა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან შვიდ დღეში უნდა გადაიხადოს.
ვრცლად: რადიო თავისუფლება

































































