40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა.
ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
„მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ“, – ამბობს აზა „ბათუმელებთან“ და ამ ბრძოლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
„აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, სადღაც 40 წლის ვიქნებოდი. მეუღლე ომამდე გარდამეცვალა და 7 წლის გოგონას მარტო ვზრდიდი. გაგრა რომ დაეცა, ქალაქიდან გასვლა ვერ მოვასწარი და ორი თვე ოკუპირებულ ქალაქში დავრჩი.
დაღუპული ჯარისკაცები ქუჩებში ეყარა. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ უცოლშვილო… ჩემი ხელით დავმარხე.
მერე დედაჩემი მოვძებნე და ბინაში რომ დავბრუნდი, სახლში ბოევიკები დამხვდნენ. ვინ ხარო – მკითხეს. ეს ჩემი ბინაა, აქ ვცხოვრობ-მეთქი – ვუთხარი. შენი ბინა საქართველოშია, წადი აქედანო, მითხრეს და გამომაგდეს. დედაჩემს ცოტა ფული და ოქროს სამკაულები ჰქონდა, ყველაფერი წაგვართვეს. კიდევ კარგი, რომ არ მოგვკლეს.
ორი თვე აფხაზმა მეზობლებმა შეგვიფარეს, მაგრამ მერე მითხრეს, უნდა წახვიდეთ, თორემ მოგკლავენო და გამოგვაცილეს.
ასე წამოვედით, სრულიად უყველაფროდ“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.
„ზურგით დავათრევდი შაქრის ტომრებს და ვყიდდი, რომ თავი გვერჩინა. საკმარისი საკვები არ გვქონდა. ჩემი შვილი სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელს დავუდებდი, მეტყოდა – „დედა, შენც ჭამე“. მე ვატყუებდი, შენს მოსვლამდე ვჭამე-მეთქი. ბავშვს თუ რამე მორჩებოდა, იმით გამქონდა თავი.
ბოლოს თურქეთში წავედი სამუშაოდ და 15 წელი ემიგრაციაში ვიყავი.
თბილისში კუს ტბაზე, პატარა ოთახი ვიყიდე. ახლაც აქ ვცხოვრობთ. მზის შუქიც კი არ აღწევს წესიერად.
ჩემი გოგონა 27 წლის რომ გახდა, მხოლოდ მაშინ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება. გრანტიც მოიპოვა, მანამდე ვერ ვასწავლე.
ახლა ადგა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. შეეშინდა, თუ ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმეს, მერე ვეღარ გავაღწევ აქედან და თავი როგორ ვირჩინოთო. სესხები გვაქვს, გადახდა ხომ უნდა.
ასე დავრჩი მარტოდ. თუ უვიზო მიმოსვლა დავკარგეთ, ალბათ ჩემს შვილს ინტერნეტით თუ ვნახავ აწი. ამაზე ძალიან ვდარდობ“, – გვეუბნება აზა ჩილაჩავა.

































































