ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინასთან ჩაატარებს.
უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში ნამუშევარმა აინარს ბაგატსკისმა გამომგზავრების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებებზე ისაუბრა.
“ყველა ფიქრი საქართველოსკენაა. ერთ დროს იქ ვმუშაობდი. ამბობენ, რომ ვიღაც იქნება, ვიღაც _ არა. მე არავის ვუსმენ. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ, როდესაც თამაშის წინ კალათბურთელებს შევხედავ. შერმადინთან და შენგელიასთან ერთად საქართველოს ნაკრები სხვა გუნდია, თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გარეშე _ სულ სხვა. ვცდილობთ, მოვემზადოთ როგორც მათ წინააღმდეგ, ისე მათ გარეშე გუნდთან თამაშისთვის, რამდენადაც ეს შესაძლებელია ოთხ გუნდურ ვარჯიშზე”, _ განაცხადა ლატვიელმა სპეციალისტმა, რომელიც საქართველოში 2011 წელს, კლუბ “სოხუმში” მუშაობდა.
საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი ჰყავს. ზუროსის გუნდი უკრაინასთან მატჩის შემდეგ, 29 ნოემბერს, გასვლაზე ესპანეთს შეხვდება.
ფიბამ კი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროპული ჯგუფების შესახებ დაწერა და საქართველოს ეროვნული გუნდის შანსებიც განიხილა.
“მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ტიტულის დაცვას დაიწყებს, რადგანაც ძნელი სავარაუდოა, რომ მათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხონ. ესპანელებს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას, ალბათ, საქართველოს ნაკრები გაუწევს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველივე საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, ხაენში დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ციკლში პრობლემები ნაკლებად აქვს ხოლმე. ევრობასკეტ 2011-ზე ისინი 5:3-ზე ბალანსით გავიდნენ, 2013-ში 6:2 ჰქონდათ, 2015-ში – 4:2, 2017-ში – 5:1, ხოლო 2022-ისთვის – 4:2. ეს ნიშნავს, რომ შესარჩევ რაუნდში საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოში ეროვნულ ნაკრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მით უმეტეს, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძლები არიან”.
ფეხბურთზე გადავიდეთ. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა, საფრანგეთის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის მატიე ვალბუენას შანტაჟის მცდელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს. ვერსალის სასამართლომ ბენზემას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა და 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
საქმე 2015 წელს, ვალბუენას შანტაჟის მცდელობას ეხება და მასში ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერი ფიგურირებს. გამოძიების ვერსიით, ბენზემა მოქმედებდა, როგორც შუამავალი და ვალბუენას შანტაჟისტებისთვის თანხის გადახდისკენ უბიძგებდა. სკანდალის გამო, ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებს ჩამოაშორეს და მას “ევრო 2016”-ზე არ უთამაშია. ის მხოლოდ “ევრო 2020”-ის წინ, დიდიე დეშამმა დააბრუნა.
ქარიმ ბენზემა პირობითი სასჯელით გადარჩა, “პალერმოს”, “იუვენტუსისა” და “ფიორენტინას” ყოფილ თავდამსხმელს, ფაბრიციო მიკოლის კი სამ წელიწადნახევრიანი პატიმრობა შეეფარდა.
მიკოლი დამნაშავედ მაფიის მეთოდებით ფულის გამოძალვაში ცნეს და იტალიის უზენაესმა სასამართლომ მისი ადვოკატის მიერ წაყენებული აპელაცია არ დააკმაყოფილა.
დაახლოებით 10 წლის წინ, მიკოლიმ 20 000 ევროს მისაღებად დახმარება მაფიის ბოსის, ანტონინო კალდერონეს შვილს სთხოვა. მიკოლის სურდა, მეგობარს დახმარებოდა, რომელსაც კონფლიქტი ერთ-ერთ ბიზნესმენთან მას შემდეგ მოუვიდა, რაც ღამის კლუბი გაყიდა. “Gazzetta dello Sport”-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ის ჩანაწერებიც მოიპოვეს, რომლებშიც მიკოლი მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს, რომელიც მაფიას აქტიურად ებრძვის, შეურაცხყოფას აყენებს.
გუშინ ესპანურ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა “AS”-ის მტკიცებით, ზინედინ ზიდანის “პსჟ”-ში დანიშვნა პრაქტიკულად გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ “პარი სენ-ჟერმენს” ვერც ამჟამინდელი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო დატოვებს.
ფრანგულმა გრანდმა ზინედინ ზიდანის დაყოლიება ვერ მოახერხა. ამ უკანასკნელს არ სურს, გუნდი ზამთარში ჩაიბაროს და ურჩევნია, სეზონის დასრულებას დაელოდოს.
გამოცემა “AS”-ს თუ ვენდობით, ზამთარში, “პარი სენ-ჟერმენის” სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, პოჩეტინო “მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ ჩაიბარებს და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მიმდინარე სეზონის დასასრულამდე დროებითი მწვრთნელით იასპარეზებს. ამ თანამდებობას ამჟამად მაიკლ კერიკი იკავებს.
[sexy_author_bio]