რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მწვავე კომენტარი გააკეთა ფინეთის ნატოში შესვლაზე და მას რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა უწოდა.
,,კრემლს მიაჩნია, რომ ეს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებაა. ნატოს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ამაზე ვისაუბრეთ. და ჩვენ ასე აღვიქვამთ. და, რა თქმა უნდა, ეს გვაიძულებს მივიღოთ კონტრზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
დღეს, 4 აპრილს, ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ფინეთი ოფიციალურად შეუერთდა ბლოკს და გახდა მისი 31-ე წევრი.
რუსეთის ხელისუფლება აქამდე შესამჩნევად გულგრილად ეხმაურებოდა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესს, რომელიც გასული წლიდან გრძელდება.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ფინეთთან და შვედეთთან, მათი შესვლა ნატოში არ წარმოადგენს მყისიერ საფრთხეს“.
ახლა პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში ძირეულად განსხვავდება უკრაინის განზრახვებისგან.
”ფინეთი არასოდეს გამხდარა ანტირუსული და ჩვენ არ გვქონია დავა ფინეთთან”, – თქვა მან.
კრემლის სპიკერმა, ასევე გააფრთხილა, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში აუცილებლად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე.
„ალიანსი კვლავ არამეგობრული სტრუქტურაა და მრავალი თვალსაზრისით მტრულად განწყობილია რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – განაცხადა პესკოვმა.
ავტორი