“ბათუმელების” ინფორმაციით, ფინეთში ასამართლებენ გემის ქართველ კაპიტანს და მეზღვაურებს, რომელთაც ბრალად ედებათ 2024 დეკემბერში ფინეთსა და ესტონეთს შორის, ზღვაში გამავალი, წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანება.
ბრალდებული არიან: გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორია და მისი ორი თანაშემწე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე ინდოეთის.
მათ ბრალად ედებათ, რუსული პორტიდან გამოსული გემით (Eagle S) ბალტიის ზღვაში, ფინეთის ყურეში, ხუთი საზღვაო კაბელის, მათ შორის ელექტრო და სატელეკომუნიკაციო კაბელების, დაზიანება ზღვის ფსკერზე ღუზის გათრევით. ბრალის ფორმულირების თანახმად, გემი რამდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ჩაშვებული ღუზით მოძრაობდა იმისათვის, რომ წყალქვეშა კაბელები დაეზიანებინა.
კაბელების დაზიანების შემდეგ, ფინეთმა ტანკერი დააკავა. ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები იყვნენ, ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. თავდაპირველად ეჭვმიტანილი ეკიპაჟის 9 წევრი იყო, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 3-მდე შემცირდა და ახლა გამოძიება დავით ვადაჭკორიასა და მისი 2 თანაშემწის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ვრცლად: ბათუმელები



































































